Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
"მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია, დაახლოებით 9 წელია ვმეგობრობთ. მან გაცნობის დღიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს დღემდე გრძელდება"

"მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია, დაახლოებით 9 წელია ვმეგობრობთ. მან გაცნობის დღიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს დღემდე გრძელდება"

ანა ჯავახიშვილის პროფესიული კარიერა საკმაოდ დატვირთულია. ახალგაზრდა მსახიობს დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლახან ახმეტელის თეატრში ანე ფრანკის როლზეც იმუშავა.


- ანა, შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ... რა არის ყველაზე დიდი ნათელი მოგონება, რაც თქვენს ბავშვობას უკავშირდება?

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობა ძალიან რთულად და ფრაგმენტულად მახსოვს. იმ პერიოდთან დაკავშირებული ამბები, დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი ნათესავების მოგონებები უფრო ვიცი, ვიდრე პირადად ჩემი მეხსიერებიდან. მაგრამ რამდენიმე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მაინც მკაფიოდ მაქვს ჩარჩენილი: მაგალითად ის, თუ როდის მივედი პირველად ოპერის თეატრში, ბალეტიც და ზოგადად თეატრიც იმავე პერიოდიდან შემიყვარდა. გამოკვეთილად მახსოვს ზაფხულის უზრუნველი და ბედნიერი საღამოები, რომელსაც ქალაქგარეთ ვატარებდი. არდადეგების დროს ჩავდიოდი მამაჩემის საგვარეულო სახლში კასპში, რომელიც სოფელ თეზშია და ასევე ზაფხულს ვატარებდი ბებიასთან, რომელიც მცხეთაში ცხოვრობს.

- იმავე პერიოდიდან თუ გახსენდებათ ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება?

- ჩემს ბავშვობაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ტრაგედია, რომელიც ახლობლის, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მადლობა ღმერთს, არ მომხდარა. იყო მხოლოდ პატარ-პატარა ბავშვური გულისტკენა, წყენა ან რაღაცის არგამოსვლის შემდეგ ბრაზი, რომელსაც ახლა რომ ვიაზრებ, რა თქმა უნდა, სისულელედ მიმაჩნია.

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდებიან ადამიანები, ვინც ჩვენზე ძლიერ, წარუშლელ შთაბეჭდილებებს ახდენენ. თუ შეგიძლიათ 3 ასეთი ადამიანი გამოყოთ?

- ეს მართლა რთულია, მაგრამ... თუ 3 ადამიანი უნდა გამოვყო, მაშინ პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს, დემეტრე ხოფერიას დავასახელებ. ჩვენ დიდი ხანია, დაახლოებით 9 წელია ვმეგობრობთ, ანუ აბიტურიენტობის პერიოდიდან. მან გაცნობის დღიდანვე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს დღემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, არიან ის ადამიანებიც, ვინც ცხოვრების გზაზე გვხვდებიან და ისეთ სწორ გზაზე გვაყენებენ, რომელიც იმ მომენტში გვჭირდება და ხშირ შემთხვევაში, ასეთები ჩვენი პედაგოგები არიან. ერთ-ერთი საბალეტო სკოლის პედაგოგი ლელუკა ჭინჭარაულია, რომელმაც ჩემი სფეროსკენ მიმართულება მომცა; დამაჯერა, რომ რაღაცები გამომივიდოდა და როცა თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე, მასთან ვემზადებოდი. ხოლო უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგი იყო გიორგი შალუტაშვილი, რომელმაც სამსახიობო გზაზე დამაყენა და ჩემი პროფესია თავიდან ბოლომდე შემასწავლა.

- მოვლენა და ფაქტი, რომელმაც შეგცვალათ...

- ალბათ მაშინ გავაცნობიერე გაზრდის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ბალეტისთვის თავი უნდა დამენებებინა და ცხოვრებაში რაღაც სხვა მეკეთებინა. ბოლომდე გააზრებული არ მქონდა და ბუნებრივია, ზუსტად არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა ან საერთოდ, ჩავაბარებდი თუ არა თეატრალურში. აი, სწორედ მაშინ დავაფიქსირე საკუთარ თავში „გაზრდა“ და ეს მომენტი იყო გარდამტეხი. პროფესია რომ ავირჩიე, მერე დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ბალეტს ტრავმის გამო ჩამოშორდით თუ რამე სხვა მიზეზით?

- დიახ, ორივე ფეხზე ცუდი ტრავმა მქონდა და ამის გამო ცეკვას ვეღარ გავაგრძელებდი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობდი, სცენისთვის თავი არ უნდა დამენებებია, რადგან ეს იყო ერთადერთი სფერო, რომელიც რეალურად მაინტერესებდა. იმ გარდამტეხ მომენტში, მახსოვს, თავიც გადავიპარსე - ალბათ ეს იყო ერთგვარი ბავშვური პროტესტი... მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ძალიან კარგად დალაგდა.

- დღეს, როცა ოპერაში მიდიხართ, მარტივად ადევნებთ თვალს ბალეტის მსვლელობას თუ გიჩნდებათ ერთგვარი გულისწყვეტა?

- არა, ძალიან მარტივად და სიამოვნებით. ახლა მხოლოდ კარგი მაყურებელი ვარ და აგერ უკვე თეატრალურში, ბავშვებს ამ პროფესიას ვაზიარებ. პედაგოგიური საქმიანობა 2023 წლის სექტემბრიდან დავიწყე და პირველკურსელებს კლასიკურ ცეკვას ვასწავლი. პირველი სემესტრი უკვე დავხურეთ. მეც და მგონი, ბავშვებიც კმაყოფილები ვართ. ასე რომ, ერთი პროცენტითაც არ მწყდება გული. პირიქით, ბედნიერი ვარ, ასე რომ მოხდა.

- ოდესმე თავი პედაგოგად წარმოგედგინათ?

- ვერასდროს და არასდროს!.. მაგრამ ცხოვრებაში სულ ასეა, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ, ის ხდება. ძალიან რთული პროფესიაა, მოწოდებით უნდა იყო პედაგოგი, თუ გინდა ბავშვს რამე კარგად აუხსნა და გააგებინო. ახლა ათჯერ მეტად დავაფასე ჩემი პედაგოგები და მათი შრომა.

- ახლა თქვენს ლიტერატურულ გემოვნებაზე გადავინაცვლოთ. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა...

- ასეთი რამდენიმე წიგნია... ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ესაა ფეოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“. პირველად რომ წავიკითხე, 16 წლის ვიქნებოდი და მეორედ - 19 წლის ასაკში. ორივე ჯერზე ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ალბათ 28-ის რომ ვიქნები და ხელახლა გადავიკითხავ, ზუსტად ვიცი, უფრო მეტი განცდა მექნება, ვიდრე წარსულში, რადგან მაშინ ჩემი მცირე ასაკიდან გამომდინარე, ბევრი რამ სათანადოდ არ მესმოდა.

- ქართველი ავტორებიდან თუ გყავთ რჩეული?

- სამწუხაროდ, თანამედროვე ქართველი ავტორებიდან ვერავის გამოვყოფ, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილია.

- თქვენი რეჟიმიდან გამომდინარე, მსახიობები რთულად ახერხებთ სხვა თეატრებში სიარულს, მაგრამ თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენა, რაც გინახავთ?

- სიმართლე გითხრათ, ადრე უფრო ვახერხებდი თეატრებში ხშირად სიარულს, ვიდრე ახლა. სკოლის პერიოდში მიყვარდა სპექტაკლი „არტ ხელოვნება“. შემეძლო ყველა წარმოდგენას დავსწრებოდი და ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი იყო. ამიტომ, როცა ამ შეკითხვას მისვამენ, ყოველთვის „არტ ხელოვნებას“ ვასახელებ.

- დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდანაც მოგვყვება ხოლმე. ამ კუთხით თქვენთვის გამორჩეული რომელია?..

- ალბათ მოგზაურობასაც გააჩნია და იმას, თუ რა მისიით ხარ სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში გამოვყოფ კანის ფესტივალზე ყოფნას, სადაც ფილმით - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვიყავით წასული. როგორც ადგილმა, ისე მოვლენამ და ფესტივალში მონაწილეობამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა. შემდეგ ლევან აკინის ამ ფილმით მთელი ევროპა მოვიარეთ, ვიყავით ამერიკაშიც. მოკლედ, ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

- თეატრიდან თუ გქონიათ დაუვიწყარი გასტროლი?

- რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თეატრიდან გასტროლზე არასდროს ვყოფილვარ.

- არა უშავს, წინ კიდევ არაერთი წელია... ახლა კი დაასახელეთ თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...

- ...პირველი რაც გამახსენდა, იმას ვიტყვი: 12-13 წლის ვიყავი, როცა ბალეტის მორიგი გამოცდა კარგად ჩავაბარე და მამაჩემმა ვარდისფერი ბალერინას კულონი და ე.წ. ცეპი მაჩუქა. ნივთი პრინცესას ფორმის გვირგვინის ყუთში იდო. ბალერინა დღემდე მაქვს და პერიოდულად ვატარებ კიდეც, მაგრამ ყუთი დავკარგე და გული დამწყდა. მამაჩემის ამ საჩუქარს ძალიან ვუფრთხილდები, ბავშვობას მახსენებს.

- დაბოლოს, თქვენს სამსახიობო საქმიანობაზეც გკითხავთ. ახალი როლიდან გამომდინარე, „ანე ფრანკის დღიურის“ ხელახლა გაცნობამ მოგიწიათ. თუ გახსოვთ, პირველად როდის წაიკითხეთ ეს რეალური ამბავი? და თან, მაშინდელი და დღევანდელი შთაბეჭდილებები ერთმანეთს შევადაროთ...

- „ანე ფრანკის დღიური“ 12-13 წლის ასაკში წავიკითხე. არ მახსოვს, მაშინ ჩემში რა ემოციები გამოიწვია, ბავშვობაში შეუძლებელია სრულად გაიაზრო ის მძიმე პერიოდი, მოვლენები და საშინელება, რაც ანეს და მის ოჯახს გადახდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ახლა სულ სხვა განცდა დამეუფლა, რაც ცხადია, მძიმე და ტრაგიკულია. არ მახსოვს ბოლოს ასე როდის ვინერვიულე როლსა და სპექტაკლზე. პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი საკუთარ თავთან. თან ცოტა დრო მქონდა, სპექტაკლის რეპეტიციებს მაშინ შევუერთდი, როდესაც პრემიერამდე დაახლოებით 20 დღე იყო დარჩენილი. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მქონია. ძალიან განვიცდიდი, თუ როგორ მოვასწრებდი ყველაფერს, როგორ ავითვისებდი ტექსტს, სიმღერებს ებრაულ ენაზე, მაგრამ მგონი, თავი გავართვი და მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ახლა და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- აბრეშუმის თეატრში ვმონაწილეობ სპექტაკლში „სიმარტოვე“, რომლის რეჟისორი ლელა ჭინჭარაულია, ხოლო პიესა მამუკა სალუქვაძეს ეკუთვნის. თეატრალურ უნივერსიტეტში ბავშვების სწავლებას ვაგრძელებ. ასევე არის რამდენიმე პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ვაპირებ და უახლოეს მომავალში მათზე მუშაობასაც დავიწყებ.

"მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია, დაახლოებით 9 წელია ვმეგობრობთ. მან გაცნობის დღიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს დღემდე გრძელდება"
1 409 ნახვა
2 თვის და 2 კვირის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი